რეგიონების საკრებულოებში მმართველი პარტიის ფრაქციებად დაშლასთან დაკავშირებით ოპოზიცია ფინანსურ ინტერესებზე საუბრობს. ახალი ფრაქციების შექმნის გამო გაზრდილ ხარჯებზე მმართველ გუნდს ბათუმის საკრებულოშიც დაუპირისპირდნენ. ოპოზიცია ხელისუფლებას ხალხის ფულის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებდა. ამის მიუხედავად, საკრებულოს უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მაღალჩინოსნებისთვის თანამდებობრივი სარგოსა და დანამატების გაერთიანების შესახებ იმსჯელა და დაამტკიცა კიდეც.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მიიჩნევენ, რომ რეგიონების საკრებულოებში მმართველი პარტიის რამდენიმე ფრაქციად დაშლის ინტერესი მხოლოდ ფინანსურია და ამისთვის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხის დახარჯვაც იგეგმება.
თუმცა ბორჯომის საკრებულომ ქვეყნის მმართველ პარტიას არ მისცა დამატებით სამი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობა. ამ გადაწყვეტილებით "ოცნებამ" ვერც ფრაქციის თავმჯდომარეების და მოადგილეების მაღალანაზღაურებადი პოსტები მიიღო.
საკითხი სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის გამო მმართველი პარტიის არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია, ჩავარდა. ამის მიუხედავად, ბორჯომის საკრებულოს უმცირესობაში მყოფი "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ახალ ფრაქციებს მაინც შექმნის.
50-ზე მეტ საკრებულოში უკვე შექმნილია დამატებით "ქართული ოცნება-მრეწველებისა" და "ქართული ოცნება-კონსერვატორების" ფრაქციები, ნაწილში კი მესამე ფრაქციის, "მწვანეების" დაკომპლექტების პროცესი მიმდინარეობს. ოპოზიციაში დათვალეს და გაარკვიეს, რომ ეს ინიციატივები სახელმწიფო ბიუჯეტს წელიწადში 5 მილიონზე, 4 წელში კი 22 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.
რეგიონების საკრებულოებში ფრაქციების რეგისტრაციის ძირითადი პროცესი დასრულებულია.
ავტორი: იზო ჩუბინიძე, ია გულიაშვილი, თეა ვაშალომიძე