სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ახალი მშენებლობებისთვის გაცემული ნებართვების სისწორეს შეისწავლის.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თბილისისთვის ტრადიციად იქცა სამშენებლო კოეფიციენტების ცვლილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, მთავრობა მშენებელს თავდაპირველი პროექტის ცვლილებისა და რამდენიმესართულიანის ნაცვლად, მრავალსართულიანი შენობის აშენების ნებას რთავს.
წლებია, ქალაქში პრობლემაა ფუნქციური ზონების ცვლილებაც. მაგალითად, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში თბილისის მთავრობამ 1000-მდე ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემით საგამოძიებო უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ. პოლიტიკური ოპონენტები შესაძლო კორუფციასა და უკანონო ბიზნესგარიგებებზე მიუთითებენ.
მთავრობა ცვლილებებს აანონსებს, თუმცა ჯერ უცნობია, რა ბედი ელის იმ ასობით პროექტს, რომელთა მშენებლობაც ჯერ არ დაწყებულა, თუმცა გადაწყვეტილებები ძველი სტანდარტებით იქნა მიღებული.