საზოგადოებრივ მაუწყებელს ბორდის სხდომის ჩანიშნვნის გაჭიანურებაში ადანაშაულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მწერლები. მათი განცხადებით, საბჭომ შეკრების ყველანაირი ვადა დაარღვია.
„ყველანაირი ვადა უკვე გასულია იმიტომ, რომ 5 დღის ვადაში ევალებათ მათ ასეთ მოთხოვნაზე რეაგირების გაკეთება და საბჭოს მოწვევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სამეურვეო საბჭოს, რომ მაუწყებლის შესახებ კანონს სცენ პატივი, რომლის მიხედვითაც მათ ევალებათ ამ კანონის შესრულება და მათ ჩანიშნონ ეს შეხვედრა,“ - განაცხადა საერთაშორისო საჯარო სამართლის დოქტორანტმა ბაია პატარაიამ.
სხდომის ჩანიშვნა სამოქალაქო სექტორმა პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებული კადრების ჩვენების გამო მოითხოვა, თუმცა საფუძველი, რაც განაცხადში იყო მითითებული, საბჭოს კანონით შეკრებას არ ავალდებულებდა.
ამ ფაქტის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები ანალოგიური მოთხოვნით აპირებენ ბორდს ხელახლა მიმართონ.
„დღემდე საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე დევს ის ვიდეო, რომელმაც შელახა დაზარალებული ადამიანის უფლებები და დღემდე ის მუქარები იქ არის და ეს ყველაფერი არის სამარცხვინო. ჩვენ ველოდებით და მივმართავთ კიდევ და კიდევ, ჩვენ არ დავიღლებით ამ მიმართვებით იმიტომ, რომ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან,“ - განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ.