მოსამართლეთა უკვე დასრულებულ შესარჩევ კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაციები კრიტიკულად აფასებენ. სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ რამდენიმე საკანონმდებლო რეფორმის მიუხედავად, დაკვირვებამ გამოავლინა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პრაქტიკა არ გაუმჯობესებულა და კვლავაც მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობს.
ყურადღება გამახვილებულია მოსამართლეობის კანდიდატების კვალიფიკაციის დაბალ დონესა და კანდიდატების დიდი ნაწილის მიერ გასაუბრების დახურულ ფორმატში ჩატარების მოთხოვნაზე, ასევე ნეპოტიზმისა და განსხვავებული აზრის დევნის შესაძლო შემთხვევებზე.
„მცირედი გაუმჯობესების მიუხედავად, სამწუხაროდ პრობლემები, რომელიც აქამდეც არსებობდა, ახლაც დარჩა იგივე მსგავსად. მთავარი საკითხი აქ არის საბჭოსადმი ნაკლები ნდობა და ეს გამწვავდა იმით, რომ ამ გასაუბრებებზე საბჭოს სხდომები დაიხურა კანდიდატურების მოთხოვნით, ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ნეპოტიზმის ყველაზე მაღალი რისკები იყო, ზუსტად ამ შემთხვევებში დახურეს სხდომები. აღმოჩნდა, რომ საკმაოდ დაბალი დონეა,“ - განაცხადა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა გიორგი გვილავამ.
დასკვნიდან გამომდინარე, სამოქალაქო სექტორი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რეკომენდაციებით მიმართავს.