20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საკუთრების საკითხზე დავა შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის თაობაზე - HRW

საერთაშორისო ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH-ის საქართველოს წარმომადგენლობა ანგარიშს აქვეყნებს. წერილში საუბარია მედიის თავისუფლების საკითხზე, სადაც მაგალითად მოყვანილია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავა ყველაზე რეიტინგული ტელევიზიის "რუსთავი 2"-ის საკუთრების საკითხზე, რომელიც უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, 2017 წელსაც გაგრძელდა და შეშფოთებას იწვევდა ხელისუფლების მედიაში ჩარევის თაობაზე.

"მარტში უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე. ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მფლობელი 2004-2006 წლებში იყო. მისი მტკიცებით მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას ტელეკომპანიის საბაზროზე ნაკლებ ფასად გაყიდვა აიძულა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ ერთხმად, საქმის განხილვის დღესვე მიიღო ისე, რომ მხარეებს ზეპირი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა არ მისცა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება მოითხოვა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავოს ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევისგან," - წერს HUMAN RIGHTS WATCH. 

ანგარიშში ასევე მოხსენიებულია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელობის მიერ რამდენიმე პოლიტიკური ტოქშოუს გაუქმების შესახებ, სადაც ორგანიზაციის თქმით, მიზეზად მაუწყებლის ტექნიკური აღჭურვისა და პროგრამირების განახლების გეგმები დასახელდა.

"ივნისში მაუწყებელმა შეწყვიტა „რადიო თავისუფლებისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ორი ერთობლივი პროგრამის ტრანსლირება. რეგიონულმა აჭარის ტელევიზიამ ორივე გაუქმებული პროგრამა საკუთარ ეთერში განათავსა," - ნათქვამია პუბლიკაციაში. 

დღის ამბები