2017 წელს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული ტემპით, ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის გარეშე, განახორციელა საკონსტიტუციო რეფორმა, რომლითაც უნდა დასრულებულიყო ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი ახალ კონსტიტუციას მხარს არ უჭერენ და განხორციელებულ ცვლილებებს აკრიტიკებენ.
ასევე ნათქვამია, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის 2024 წლამდე გადავადებას ვენეციის კომისიამ სამწუხარო უწოდა, ასევე წუხილი გამოითქვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის არ არსებობის გამოც.
„ოპოზიციურმა პარტიებმა, პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ახალი კონსტიტუცია, მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის 2024 წლამდე გადავადების გამო. ვენეციის კომისიამ, იურიდიულ საკითხებზე ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანომ, დადებითად შეაფასა საკონსტიტუციო რეფორმა, მაგრამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადებას „ძალიან სამწუხარო“ და „კონსენსუსის მიღწევის გზაზე მთავარი დაბრკოლება“ უწოდა. ვენეციის კომისია მიესალმა მმართველი პარტიის განზრახვას, ცვლილებები შეიტანოს ახალ კონსტიტუციაში, მათ შორის, დაუშვას საარჩევნო ბლოკების შექმნა და საარჩევნო ბარიერის ერთჯერადად 3%-მდე შემცირება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რათა შემცირდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადავადების უარყოფითი შედეგები,“ - ნათქვამია ანგარიშში.