20 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ადვოკატის თქმით, ჭანტურია სამართალდამცავებმა დაცვის მხარის ალიბის გამო გაათავისუფლეს

გიორგი ჭანტურიას 40 საათიანი პატიმრობა მისთვის ბრალის წარდგენის გარეშე დასრულდა. ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოდან, გენერალ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული ისე გაათავისუფლეს, რომ მის წინააღმდეგ გამოძიებამ ბრალის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა.

გიორგი ჭანტურიას ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და მას გენერალ ქუთათელაძის მკვლელობასთან შეხება არ აქვს. ადვოკატის თქმით, მათ სამართალდამცავებს გიორგი ჭანტურიას უდანაშაულობის დამადასტურებელი ალიბი წარუდგინეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გააჩნია ალიბი, რომ იგი იმყოფებოდა, როდესაც ეს საზარელი ამბავი მოხდა, იმყოფებოდა სხვაგან, ამ შემთხვევაში, იმყოფებოდა კონკრეტულად, საქართველოს ბანკში. შესაბამისად, ესეც ერთ-ერთი კატალიზატორი გახდა აღნიშნული საქმის,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ალექსანდრე კობაიძის თქმით, სამართალდამცავებმა მათი ალიბი გაითვალისწინეს.

"ამ ვერსიას ვთავაზობდით ჩვენ, დაცვის მხარე ბრალდების მხარეს. თავიდან ცოტა სკეპტიკურად იყვნენ განწყობილები, თუმცა, შემდეგ სხვა გზა არ დარჩათ მათ, გაიზიარეს ჩვენი პოზიცია," - აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ოჯახის წევრებს გიორგი ჭანტურიას გათავისუფლების შემდეგ კომენტარი აღარ გაუკეთებიათ.

შსს-ს ცნობით, გიორგი ჭანტურია ბრალდების წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. შსს-ს ინფორმაციით, გენერალ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფია ჩართული.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები