20 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
23 იანვარი - მიხეილ სააკაშვილი მისი დაკავების და ქვეყნიდან გაძევების თარიღს ასახელებს

კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადადო. პროცესი დღეს უნდა გამართულიყო და მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ ემსჯელა. კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კოლეგიის ერთ ერთი მოსამართლის ოჯახური მდგომარეობის მოტივით გადადო. 

კიევის პეჩორის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და არ მიუსაჯა უკრაინული ოპოზიციის ლიდერს შინა პატიმრობა, პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მიხეილ სააკაშვილმა მისი დაკავების და ქვეყნიდან გაძევების თარიღი დაასახელა. უკრაინული ოპოზიციის ლიდერი მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლების დავალებით, სასამართლო მის წინააღმდეგ მთავარ გადაწყვეტილებას 22 იანვარს მიიღებს მეორე დღეს კი მას ქვეყნიდან გააძევებენ.

„ხომ ხედავთ, რა კომედიაა. იმდენად ეშინიათ ჩემი, რომ უკვე მეექვსეჯერ გადადეს სასამართლო. არ აქვთ არანაირი საქმე, აქვთ ყალბი, რაღაც საოცრება, მთელი მსოფლიო დაცინის უკვე. დადიან უცხოელი ჟურნალისტები და მხრებს იჩეჩავენ. აქვთ სასამართლო, რომლითაც უნდათ ქვეყნიდან ჩემი გაგდება. ხალხის მობილიზაციაზეა უკვე დამოკიდებული. რაც არ უნდა ქნან, რომც ჩამტვირთონ თვითმფრინავში და გამაგდონ, სიტყვაზე, აქ იმხელა მოძრაობა ავწიე, იმხელა ტალღაა, იმდენად ბევრი ხალხი გვიჭერს მხარს, იმდენად მთელ ქვეყანაში გარშემო მოძრაობაა, რომ აქ არის რამდენიმე თვის ამბავი, როცა ყველაფერი დამთავრდება და ნორმალური ხალხი აიღებს ხალხი ხელში უკრაინის რეფორმირების საქმეს და საერთოდ ხელისუფლებას,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის რადას დეპუტატმა, იური დერევიანკომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან სასამართლო სისტემაში უხეში და უკანონო ჩარევა ხდება.

„ეს აიხსნება იმ სამი პროცესით, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ერთი პროცესი ეხება გამოგონილი სისხლის სამართლის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას, მეორე პროცესი უკავშირდება საემიგრაციო სამსახურის უმოქმედობას. სასაცილოა, რომ საემიგრაციო სამსახურმა პროცესი პირველ ინსტანციაში მოიგო და საკუთარ თავს სააპელაციოში უჩივლა. ეს მხოლოდ იმ მიზნით გააკეთეს, რომ შეამცირონ 30 დღიანი ვადა, რომელსაც კანონი წაგებულ მხარეს გასაჩივრებისთვის აძლევს. ისინი ფიქრობენ, რომ 22 იანვარს სასამართლო შეასრულებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალებას და მათ საფუძველი ექნებათ მიხეილ სააკაშვილის დეპორტაციისთვის. ეს გეგმა ვერ განხორციელდება, რადგან არსებობს კიდევ სხვა სასამართლო პროცესები, რომლებიც დააბრკოლებს დეპორტირების პროცედურას,“ - აღნიშნა დერევიანკომ.

 

ავტორი: ზურაბ ხვისტანი. 

 

 

დღის ამბები