ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს. ის ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ყველა ტაძარში წყალკურთხევა ანუ დიდი აიაზმა აღესრულება, რის შემდეგაც მორწმუნეებს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვთ.
წყლის კურთხევა რამდენიმე წუთში დაიწყება. კათოლიკოს პატრიარქი წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, ამ წუთებში, წირვა-ლოცვას სამების ტაძარში აღავლენს.
არსებული ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მრევლს წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებით მიმართავს, თუმცა შესაძლოა პატრიარქის საზეიმო სიტყვა ტაძარში წაიკითხონ.
დღეს დაგეგმილი კიდევ ერთი საყოველთაო ნათლობა კი, კვირისთვის გადაიდო. მომავალ კვირას საქართველოს პატრიარქს 730 ახალი ნათლული ეყოლება.
ილია მეორემ ბოლო წლების განმავლობაში 33 ათასზე მეტი ახალშობილი მონათლა.