თბილისის საკრებულოს ოპოზიციის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს, საიდანაც ირკვევა, რომ კომპანია „ზიმომ” ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, ბიუჯეტს მხოლოდ მიღებული ავანსის ნახევარი მილიონი ლარი დაუბრუნა, თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი ეხმაურება.
სერგო ბირკაძე განმარტავს, რომ ბიუჯეტიდან ავანსად მიღებული თანხის მხოლოდ ნახევარი სადაზღვევო კომპანიამ აანაზღაურა, ნახევარი მილიონი კი, კვლავ "ზიმოს" ანგარიშზეა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მერია „ზიმოსთან" სასამართლოში დაობს.
„გადახდილი იყო ბიუჯეტიდან ავანსის სახით მილიონ ლარზე მეტი, თუმცა წარმოდგენილი იყო გარკვეულ ოდენობაზე შესაბამისი გარანტია. ეს ჩვეულებრივი პროცესია იმიტომ, რომ მთელს სიაში მოქმედ ნებისმიერ კომპანიაზე შესაძლებელია გაცემა ავანსის ისე, რომ არ მოხდეს გარანტიის წარმოდგენა. შემდეგ გარკვეული გარემოებების დადგომის გამო, როდესაც მოხდა ხელშეკრულების შეწყვეტა, ჩვენ მოვითხოვეთ გარანტიის უზრუნველყოფა ამ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და შესაბამისად, ეს გარანტია გამოყენებულ იქნა, ეს თანხა ჩამოიჭრა ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილ თანხაზე, რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიონს შეადგენს, მერიას შეტანილი აქვს სარჩელი,“ - განმარტავს თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე.