200-მდე სატვირთო და 30-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილის მგზავრები უკვე მეორე დღეა, გუდაური-კობის მონაკვეთის გახსნას ელოდებიან. ზვავსაშიშროების გამო კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება შეზღუდულია.
მგზავრები, რომლებიც სტეფანწმინდისა და ლარსის გამშვები პუნქტის მიმართულებით მიდიან, ყვებიან, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს და არც ის იციან, როდის შეძლებენ გზის გაგრძელებას.
ინტენსიური თოვის გამო გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება კობი-გუდაურის მონაკვეთზე ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტერიტორიის გასუფთავება ხვალ დილიდან დაიწყება და თუ მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი არ შეუშალა შეზღუდვაც ხვალვე მოიხსნება.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მლეთაში ჩარჩენილების შესახებ ინფორმაცია „კურიერიდან“ შეიტყო.
ამ დროისთვის შეზღუდვა მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მოხსნილია, გუდაური კობი კი კვლავ ზვასაშიშ ტერიტორიად რჩება.