ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია „ზიმოსთვის“ თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხული მილიონი ლარის მიუხედავად, დედაქალაქის მოსახლეობას ახალი ესტაკადა არ აქვს და ბიუჯეტი სოლიდური თანხით დაზარალდა. ოპოზიცია ამტკიცებს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ 15 დეკემბერს საკრებულოს სხდომათა დარბაზში იცრუეს.
კახა კალაძე და ირაკლი ხმალაძე ოპონენტებს უმტკიცებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამტანმა კომპანია „ზიმომ“ თბილისის ბიუჯეტს უკან დაუბრუნა იმ მილიონ ლარზე მეტი, რომელიც კომპანიას წინასწარ, ავანსად, საბურთალოზე ახალი ესტაკადის ასაშენებლად ჩაურიცხეს.
ახლა ირკვევა, რომ „ზიმომ“ არც ესტაკადა ააშენა და არც ფული დააბრუნა ბიუჯეტში. მერიის იურიდიული სამსახურის მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაგზავნილ დოკუმენტებში წერია, რომ კომპანია „ზიმომ“ საავანსო თანხიდან ბიუჯეტში მხოლოდ ნახევარი მილიონი დააბრუნა. ისიც არა "ზიმომ", არამედ სადაზღვევო კომპანია "არდიმ" გადაიხადა, რომელმაც თავის დროზე "ზიმოსა" და მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება დააზღვია.
მერიაში აცხადებენ, რომ დარჩენილი ნახევარი მილიონის ბიუჯეტში დაბრუნებას მუნიციპალიტეტი კომპანია „ზიმოსგან“ სასამართლოს გზით ითხოვს.
კომპანია „ზიმო“ უკვე დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი გატაცების შესრულებით, ხეების ამოთხრისა და გადარგვით არის დაკავებული. სწორედ ამის გამო, ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობას კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავს.
2 მილიონიანი ხელშეკრულება ივანიშვილის რჩეულ კომპანიას დავით ნარმანიას მთავრობამ 2016 წელს გაუფორმა. გამომდინარე იქედან, რომ მაგისტრალს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის მცირე ნაწილზე უნდა გაევლო, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნოდა, ოპოზიციაში გაჩნდა მოსაზრება, რომ მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის მიზეზით ჩაიშალა, რადგან ექსპრემიერმა თბილისის მთავრობას მიწა არ დაუთმო.
პროექტის ჩავარდნის ოფიციალურ მიზეზად კი თბილისის მაშინელმა მერმა მწვანე საფარის დაცვა დაასახელა და თქვა, რომ ესტაკადისთვის ხეებს ვერ გაჩეხავდა.