20 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
პოლიციელთა შესაძლო კანონდარღვევა - HRW-ის ანგარიშის შემდეგ არასამთავრობოებმა მთავრობისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა კვლავ მოითხოვეს

პოლიციელების მიერ ჩადენილ შესაძლო ძალადობისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე არაადეკვატური რეაგირება - HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშში ასახულ დარღვევებს არასამთავრობო ორგანიზაციები იზიარებენ. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაუსჯელობის სინდრომის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

HRW-ის კრიტიკული ანგარიშის შემდეგ, მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა ხელისუფლებისგან დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვეს. 

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა მოითხოვეს დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც, რომლებიც ხელისუფლებისგან ადგილობრივ და საერთაშორისო კრიტიკაზე რეაგირებას ელოდება.

მესამე სექტორში მიაჩნიათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო, რომელზეც კონსენსუსი ვერ შედგა და რომელიც უმცირესობაში დარჩენილმა საპარლამენტო უმრავლესობამ მაინც დაამტკიცა, საქართველო საყვედურს კიდევ ბევრჯერ მოისმენს.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციას ტონს უწუნებს და აცხადებენ, რომ HRW კომპეტენციებს გასცდა და ქვეყნის პოლიტიკაში ჩაერია.

ავტორიტეტული ორგანიზაციის კრიტიკის ნაცვლად, მმართველ გუნდს შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებას ურჩევენ პოლიტიკური ოპონენტები. ოპოზიციის აზრით, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება და კანონის უზენაესობა საქართველოსთვის დღეს აშკარა გამოწვევაა.

სამოქალაქო და პოლიტიკური ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, საერთაშორისო ორგანიზაციის შენიშვნებს სათანადო ყურადღება დაუთმოს.

დღის ამბები