"დამაკავეს, გამომიშვეს. ყოველ დღე ჩხრეკენ ბინას, რას ეძებენ, რა არის აღმოუჩენელი. საავადმყოფოში წევს მამაჩემი, აპარატზეა შეერთებული და იქ დაადგნენ და გინდა თუ არა, უნდა დაგკითხოთო, ეუბნებიან გამომძიებლები,“ - ეს განცხადება გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა და შემდეგ გათავისუფლებულმა, გიორგი ჭანტურიამ, პოლიციის განყოფილებაში რიგით მესამე დაკითხვაზე შესვლამდე გააკეთა.
მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებამდე სამართალდამცავებმა გიორგი ჭანტურიას ორი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს და ავტომანქანა დაათვალიერეს.
„ვინმე გაქცეულა? გამომიშვეს სახლში და ფეხი არ გამიდგამს, ვზივარ სახლში. მეძახიან, მივდივარ. არავინ არსად გარბის,“ - აღნიშნა ჭანტურიამ.
გიორგი ჭანტურია და მისი და ამ წუთებშიც იკითხებიან. დაკითხეს ჭანტურიას მეუღლე, ანა ხურცია, რომელმაც განაცხადა, რომ კითხვები ძირითადად გენერალ ქუთათელაძის მკვლელობას და მოკლულთან მისი მეუღლის ურთიერთობას შეეხებოდა.