გიორგი ჭანტურიას ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე, არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოკითხვაზე კვლავ დაიბარონ.
როგორც ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში გიორგი ჭანტურიას 7-საათიანი გამოკითხვის შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოკითხვის დროს კითხვები შეეხებოდა 15 იანვარს, როდესაც სამსონ ქუთათელაძე გარდაცვლილი თავის კაბინეტში იპოვეს. თუმცა, მისივე თქმით, გამოძიებას გიორგი ჭანტურიასთან განსხვავებული კითხვები არ დაუსვამს, უბრალოდ მისი უფრო დეტალური გამოკითხვა მოხდა.
„გიორგიმ ჭანტურიამ ძალიან დეტალურად, სრულფასოვნად გასცა კითხვებს პასუხები. ახლი ინფორმაცია არ მიუწოდებია, მაგრამ უფრო დეტალური გამოკითხვა მოხდა. საქმეში სხვა გამოკითხვის ოქმები დევს და მოგეხსენებათ, რომ ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანის დაკითხვა მიმდინარეობს. ამ ადამიანების გამოკითხვის ოქმების მეშვეობით მოხდა კვლავ დასაზუსტებელი კითხვების დასმა. მე არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ დაიბარონ გამოკითხვაზე გიორგი ჭანტურია, რადგან როგორც ისინი ამბობენ, ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება და შესაძლებელია, კითხვები გაუჩნდეთ. ჩვენ დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. გიორგი ჭანტურიას მამა უკვე გამოკითხულია და, თუ კიდევ ექნებათ კითხვა, ბატონი ზურა ჭანტურია მზად არის, მოვიდეს და გასცეს შესაბამისი პასუხები,“ - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.