სამების საკათედრო ტაძარში ამ წუთებში ჩვილთა 53-ე საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ამჯერად 720 ბავშვის ნათლია ხდება.
„სულ უკვე არის 33 ათას 800 ბავშვამდე მონათლული. დღეს ინათლება 720 ბავშვი. რაც მისმა უწმინდესობამ ლოცვა-კურთხევა გასცა, რომ ყველა მესამე და შემდეგი შვილების ნათლია იქნებოდა მისი უწმინდესობა, ჩვენ დემოგრაფიულ მაჩვენებელს თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაიბადა ამის შემდეგ. ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მათი ოჯახის ნათლია გამხდარიყო პატრიარქი და ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს იმისა, რომ ადამიანებს უკვე შვილიშვილები ჰყავდათ და შვილები გააჩინეს იმისთვის, რომ მათი ოჯახის ნათლია პატრიარქი გამხდარიყო. ეს ის ბავშვები არიან, უმეტესობა მათგანი, რომელიც არ უნდა დაბადებულიყო და პატრიარქის სიყვარულის გამო, გააჩინეს ეს ბავშვები,“ - განაცხადა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ.
ნათლობის ცერემონიის დასრულების შემდეგ პატრიარქი ნათლულებს დალოცავს.