18 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
დაპირისპირება ქართველ მეწარმეებს შორის - კომპანია "ოცნების სამყარო" საკუთარ შენობამდე მისასვლელი გზით სარგებლობისთვის იბრძვის 

დაპირისპირება ქართველ მეწარმეებს შორის. კომპანია ოცნების სამყარო, რომელიც ჭიტას სახელით არის ცნობილი, საკუთარ შენობა-ნაგებობამდე მისასვლელი ერთადერთი გზით სარგებლობის უფლების მოპოვებისთვის იბრძვის.

უფრო ზუსტად კი, დაპირისპირება არაორდინალური და შეიძლება ითქვას, რომ ცოტა კურიოზული ვითარების გამო წარმოიქმნა.

კომპანია ოცნების სამყარო თევდორე მღვდლის ქუჩაზე, 51 ნომერში, მიწის ნაკვეთს ფლობს, რომელზეც ოთხსართულიანი სასაწყობე შენობა-ნაგებობა დგას, თუმცა გზა, რომელიც ამ მიწის ნაკვეთამდე მიდის სხვა კომპანიის, კერძოდ შპს გიდანის საკუთრებაა, მისი მფლობელი კი ოცნების სამყაროს თანამშრომლებს ამ გზით სარგებლობას უკრძალავს.

კომპანია ოცნების სამყარო, რომელსაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 21-წლიანი ისტორია აქვს, უკანასკნელ თვეებში განვითარებულ მოვლენებს ბიზნესის მიზან-მიმართულ შევიწროებად აფასებს და სასამართლოში, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გზის დადგენის პარალელურად, იმ მატერიალური ზიანის ანაზღაურების გამოც ჩივის, რომელიც კომპანიას შპს გიდანის ქმედებებით მიადგა.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული სოლიდური მიწის ნაკვეთი თავდაპირველად კომპანია თავთავი 2003-ს ეკუთვნოდა. პრობლემა იმ დროს წარმოიშვა, როდესაც კომპანიამ, ფინანსური პრობლემების გამო, ტერიტორიის ერთი ნაწილი სადისტრიბუციო კომპანია გიდანს მიჰყიდა, ხოლო მეორე ნაწილი კი ოცნების სამყაროს.

კომპანია ოცნების სამყაროს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც თავთავი-2003-მა ამ ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებული უკანასკნელი მიწის ნაკვეთიც გიდანს მიჰყიდა, ხოლო აუცილებელი გზით სარგებლობის შესახებ შეთანხმება გააუქმა.

გიდანმა  გზის სარგებლობის სანაცვლოდ ოცნების სამყაროს თვეში 2000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

 

 

ავტორი: გიორგი გვიშიანი

 

დღის ამბები