აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვა დღეიდან იწყება. პირველი შეხვედრა ხულოშია დაგეგმილი. მოსახლეობის პარალელურად, შეხვედრები გაიმართება ადვოკატებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების
წარმომადგენლებთან.
განხილვებში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარს აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიაში ამბობენ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ასუსტებს აჭარის ავტონომიის უფლებამოსილებებს.
„გვქონდა პრინციპული შენიშვნები აჭარის უფლებამოსილებების ზრდასთან დაკავშირებით, რაც კონსტიტუციური კანონის განხილვის დროს არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად, ახლა ვერ აისახება აჭარის კონსტიტუციაში. განხილვაც არის ფორმალური ხასიათის და რეალურად ვერაფრის მომტანი ვერ არის რეგიონისთვის, პირიქით, სუსტდება აჭარის უფლებამოსილებები,“ - განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრმა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გია აბულაძემ.
კონსტიტუციის პროექტში შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემაც, რაც მათთვის მიუღებელია.
„განვიხილავთ საარჩევნო სისტემებს, განვიხილავთ ბლოკების საკითხს, საარჩევნო ბარიერს და რა პოზიციაც იქნება მოსახლეობის მხრიდან, შემდეგ შესაბამისად იქნება ის გადაწყვეტილება, ავსახავთ საბოლოო პროექტში,“ - აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი ”ქართული ოცნებიდან” ლადო მგალობლიშვილი.