იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
მთავარი განსახილველი საკითხი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაა. სხდომას ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წევრები. უწყებათაშორისი კომისიაზე იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელიც.
ომბუდსმენის წარმომადგენელი ამბობს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, რადგან დღეს არსებული კანონი არღვევს მოქალაქეთა უფლებებს.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკა იყოს ჰუმანური და მორგებული ადამიანის უფლებების დაცვაზე, ასევე მიესალმება აღნიშნულ კანონპროექტს და ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმასაც, რომ პირადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდეს მოქმედი კანონმდებლობა და ამ მიზნით განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები,“ - აცხადებს ეკა სხილაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, მათ აქვთ იმედი, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოხდება კონკრეტული თემების შეთანხმება. მათივე განცხადებით, მმართველ გუნდში ნარკოპოლიტიკის კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები.
მაგალითად, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება, დოზირების საკითხია.
„პრინციპებს მემგონი ყველა ვიზიარებთ, რომ უნდა გავაგრძელოთ დაუნდობელი ბრძოლა გასაღებასთან, არალეგალურ ბრუნვასთან ნარკოტიკების. მეორეს მხრივ, პრევენცია ძირითადი ქვაკუთხედი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკის, მკურნალობა და ზრუნვა ნარკომომხმარებლებზე, რომლებიც არიან დამოკიდებულები ნარკოტიკებზე, ასევე უნდა იყოს ძირითადი ღერძი ნარკოპოლიტიკის,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა ნაწილი საპატრიარქოს პოზიციების გათვალისწინების აუცილებლობაზეც საუბრობს.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ მივიღებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოების ჯგუფებისთვის, ასევე რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიისთვის და პატრიარქისთვის, საპატრიარქოსთვის,“ - ამბობს სოფიო კილაძე.
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა შეჯერება აზრთა სხვადასხვაობის გამო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა.