18 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის წინააღმდეგ - ადვოკატი საეკლესიო სასამართლოს ჩატარებას ითხოვს 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ადვოკატი საპატრიარქოს მიმართავს. მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობის საეკლესიო სასამართლოზე გადაცემას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, მეუფემ პასუხი უნდა აგოს იმ ცილისწამების გამო, რომელიც მისი მისამართით გაავრცელა.

რამიშვილმა სპეციალური საჩივარი საპატრიარქოს კანცელარიაში ჩააბარა. კერძოდ, საუბარია ბრალდებებზე, რომელის მიხედვითაც მეუფე იაკობმა მიხეილ რამიშვილი აგენტობაში დაადანაშაულა.

„მოვითხოვ, რაც საპატრიარქოს კანონიკური სამართლით და სჯულის კანონით ევალებათ, რომ ამდაგვარი ცილისწამების შემთხვევაში მოხდეს განხილვა ამ საკითხის და სასულიერო პირმა, მეუფე იაკობმა დაადასტუროს ან უარყოს ის, რაც მან ჩემს მიმართ გაავრცელა საჯაროდ. ეს არის ცილისწამება, რომელიც ყველასთვის ცნობილია. ეს ევალებათ და ვალდებულები იქნებიან, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს ამ ყველაფრის განხილვა და მე ამას ვეძახი საეკლესიო სასამართლოს,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

პროცედურის მიხედვით, საჩივრის განსახილველად სინოდი უნდა შეიკრიბოს, შემდეგ კი უფლებადამცველს უნდა გაეცეს პასუხი, გაიმართება თუ არა საეკლესიო სასამართლო, სადაც მეუფე იაკობს მიხეილ რამიშვილის აგენტობის დამდასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა მოუწევს.

მიხეილ რამიშვილმა საპატრიარქოში მეუფე იაკობის წინააღმდეგ საჩივარი რამდენიმეჯერ მიიტანა, თუმცა საპატრიარქოს კანცელარიაში ადვოკატს მაშინ საჩივრის ჩაბარებაზე უარი უთხრეს.  

დღის ამბები