18 ნოემბერი 2024,   04:50
ვრცლად
ხარაგაულში დაშავებული მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს -ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული მუშები ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქება წინასწარი ინფორმაციით, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე, სოფელ ბეჟათუბანის მიმდებარედ მოხდა.

ძლიერი აფეთქების შედეგად 3 მუშა მძიმედ დაშავდა. ხაშურის საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სამივე მუშის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე.

დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანებები, მათ შორის, კიდურის მოტეხილობები, ნეკნების მოტეხილობები და ასევე, თავის ტრავმები.

„სამივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ერთი შედარებით მძიმეა. მიმდინარეობს სამედიცინო მეთვალყურეობა, ტაქტიკის გამოკვეთა, რა სერვისები სჭირდება. პირველთან მიმართებაში, დიაგნოზთან მიმართებაში უკვე გვაქვს, არის ნეკნების დაზიანება, არის ზედა კიდურის დაზიანება. ამჟამად ზუსტდება, რაიმე უფრო მნიშვნელოვან ტრავმას ხომ არ აქვს ადგილი,“ - აცხადებს დირექტორი, კახა ხელაძე.

შემთხვევა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის დროს მოხდა. მუშების ინფორმაციით, კლდის გარკვეული ნაწილის აფეთქების დროს მოხდა შემთხვევა და ეს სამი მუშა უსაფრთხოებისთვის შეუსაბამო ადგილას იმყოფებოდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ამ მუშებს არ ჰქონდათ ინფორმაცია აფეთქების შესახებ, ჩამოიშალა ქვის მასა და ეს მუშები მის ქვეშ მოყვნენ.

ჩინური კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც სამუშაოებს აწარმოებენ აღნიშნულ მონაკვეთზე, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ისინი რამდენიმე დღის წინ მშენებლობაზე დასაქმებულები შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევას აპროტესტებდნენ და ობიექტზე შრომის ინსპექტირების სამსახურის შესვლას ითხოვდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები