კიევის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს, შესვენება გამოცხადდა. მიზეზი დარბაზში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შეძახილები და ხმაური გახდა.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სხდომის დაწყებისას უკრაინის ჰიმნიც შეასრულეს.
მოსამართლეთა კოლეგია საქართველოს მესამე პრეზიდენტისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ მსჯელობს.
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა სააპელაციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე დარბაზში მყოფ მხარდამჭერებს მიმართა და განაცხადა, რომ სცენარი პოროშენკოს მიერ წინასწარ არის დაწერილი. მისი თქმით, სასამართლოს აქვს დავალება, ის რაც შეიძლება მალე, სტატუსის გარეშე დარჩეს, რათა მისი ქვეყნიდან გაძევება გამარტივდეს.
„ეს სასამართლო არ არის სასამართლო, ეს არის ჩვეულებრივი ცირკი. ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ ხალხი ხედავს სად არის სიმართლე, ეს ყველაფერი მიდის პირდაპირ ეთერში, ჩვენთვის ეს არის ტრიბუნა და საბოლოო ჯამში ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვეულებრივი ხალხი, ათობით მილიონი უკრაინელი არის ჩვენს მხარეს. რამდენიმე ასეული ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ ხელისუფლებაში არიან, არაფერს ნიშნავს. პოლიციაში, სამართალდამცავ ორგანოებში, ხალხი ვერ იტანს მთავრობას.
რა თქმა უნდა, დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, რაც დაგეგმილია ზემოთ, მაგრამ რაც არ უნდა იმოქმედონ, ამათი საქმე წასულია. მე პროგნოზი არასდროს შემშლია, განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შესახებ განცხადება შეიტანეს, თუმცა მათ პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
„მათ ორგანიზება უნდა მოეხდინათ სხდომის დაწყებისთანავე, რომ ეს საკითხი განეხილათ, მაგრამ არ გააკეთეს. ისე გავიდნენ დარბაზიდან, რომ არც ჩვენ და არც მდივანს არაფერი გვითხრეს. ეს არის უპატივცემულობა საემიგრაციო სამსახურის მიმართაც. ჩვენ მოვითხოვთ იმავეს, რა მოთხოვნაც გვქონდა პირველ ინსტანციაში, რომ მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინაში მუდმივად მცხოვრებ პირს ჰქონდეს ქვეყანაში უკრაინის კანონმდებლობის დაცვის ქვეშ ყოფნის უფლება,“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი.