„სასამართლოს გადაწყვეტილება დაგვახიეს თავზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და არ იქნა ეს სასამართლო გადაწყვეტილება შესრულებული,“ - ეს განცხადება ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ ატენის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტის განმარტებისას გააკეთა. ატენის 19 ნომერში 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობა უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს უკანონოდ გამოაცხადა.
ატენის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი გრძელდება. ისინი დედაქალაქის მერიას სამართლოს გადაწვეტილების უგულვებელყოფაში ადანაშაულებენ და უწყებას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ.
არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის 15 იანვარს მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ატენის 19 ნომერში 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობას ეხება.
დიმიტრი გაბუნიას თქმით, თბილისის მერმა საარჩევნო დაპირება არ შეასრულა.
„ბატონ მერს მივმართავთ პირდაპირ, თუ ის არ არის საქმის კურსში მისი სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვასთან დაკავშირებით და სხვათა შორის, პირველი ნებართვა, რომელიც ბატონმა კალაძემ გასცა, ერთ-ერთი პირველი ნებართვა, ეს არის 27 სართულიან კორპუსზე მშენებლობის ნებართვის გაცემა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მის საარჩევნო დანაპირებს, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გასცემდა ამ ნებართვას,“ - აცხადებს ადვოკატი.