თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. დღესვე, პროკურატურამ სასამართლოს ახალი მტკიცებულებები, კონკრეტულად კი, ექსპერტული დასკვნები წარუდგინა.
მტკიცებულებების შინაარს პროკურატურა ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს იქნება დამატებითი დოკუმენტები ბრალდებულთა წინააღმდეგ.
გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს უნდა მოესმინა დაცვის და ბრალდების მხარის შესავალი სიტყვები, თუმცა ეს პროცედურა მომდევნო სხდომისთვის გადაიდო. დღეს იმსჯელეს იმ ახალ მტკიცებულებებზე, რომელიც პროკურატურამ წარადგინა.
„კონკრეტულად ამ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს არის მტკიცებულებები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიციას, არანაირად არ აზიანებს, პირიქით, ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას. შესაბამისად, ჩვენ არ გვქონდა არანაირი საფუძველი, რომ შევწინააღმდეგებოდით ბრალდებას. შესაძლოა, ბრალდების მხარეს მიაჩნდეს, რომ ეს მტკიცებულება ადასტურებს მათ პოზიციას, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს მტკიცებულება ადასტურებს ჩვენს პოზიციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მტკიცებულებები რომ არ ადასტურებდეს და ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს პოზიციას, ჩვენ მოვითხოვდით, რომ საქმეზე არ დართულიყო ეს მტკიცებულება,“ - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.
პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ახალი მტკიცებულებები, მომხდარ დანაშაულთან უშუალოდ კავშირშია. მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნები, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადასტურებს.
ცნობილია, რომ ინციდენტის დროს იყვნენ პირები, რომელთაც დაზიანებები ქონდათ მიყენებული.
„დაზიანება ჰქონდა ერთ პიროვნებას, მე დაჭრილები არ მითქვამს, დაჭრა და დაზიანება განსხვავდება ერთმანეთისგან. აღნიშნული დაზიანება შესაძლებელია გაქცევითაც მიიღო, მაგრამ თუ რა გარემოებებში, თუ რა ვითარებაში, ვის მიერ მოხდა აღნიშნულის განხორციელება, მიმდინარეობს გამოძიება ამ კუთხით,“ - განაცხადა პროკურორმა.
მომხდარ საქმესთან დაკავშირებით, მომდევნო სხდომა 24 იანვარს გაიმართება.