18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ბაზრის ბუღალტერი აცხადებს, რომ ჭანტურიას და გენერალს შორის დაპირისპირების შესახებ სმენია

ე.წ. სტამბოლის ბაზრის ბუღალტერი, ბაზარში არსებულ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ოთარ ტაბატაძე ამბობს, რომ 2015 წლიდან ჩართულია ბაზრის საბუღალტრო საქმიანობაში და ამ ხნის განმავლობაში ფინანსური პრობლემები არცერთხელ არ დაფიქსირებულა.

ბაზრის ბუღალტერი ასევე ამბობს, რომ ამჟამინდელ დირექტორს მამუკა ცხოვრებაძეს, მოკლულ სამსონ ქუთათელაძესთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია.

„არანაირი ფინანსური პრობლემა არ ყოფილა. ყოველი თვის ბოლოს ბატონ სამსონს ვაძლევდით ფინანსურ მონაცემებს და გავდიოდით მასთან ერთად. არცერთი კაპიკი არ გადარიცხულა ბატონი სამსონის გარეშე არსად. არანაირი უთანხმოება ბატონ მამუკას არც გარდაცვლილ სამსონ ქუთათელაძესთან არ ჰქონია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სამსონ ქუთათელაძესთან მამუკა ცხოვრებაძეს არანაირი კონფლიქტური სიტუაცია, არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია. პირიქით, სამსონ ქუთათელაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო და ყოველთვის მეუბნებოდა ბატონი სამსონი - ყველაფერი მამუკასთან შეათანხმეთ,“ - განაცხადა ოთარ ტაბატაძე.  

რაც შეეხება ჭანტურიას და ქუთათელაძეს შორის დაპირისპირებას, ოთარ ტაბატაძე აცხადებს, რომ ამის შესახებ სმენია, თუმცა დეტალები არ იცის.

ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას ადვოკატი კი, მომხდართან მისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს უარყოფს. გარდა ამისა, ადვოკატი კვლავაც აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე გიორგი ჭანტურიას მკვლელობის აღიარებას სთხოვდა.

“ზეწოლაში მონაწილეობას იღებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. თუ არ ვცდები კახა. აღნიშნული პიროვნება აიძულებდა გიორგის, რომ ეღიარებინა დანაშაული. ეთქვა, რომ მან ჩაიდინა მკვლელობა. მოწმე, ამ შემთხვევაში „ერთობის“ დირექტორმა გააკეთა განცხადება და ფაქტიურად გამოდის , რომ ახალი გამომძიებელი ჩაერთო აღნიშნულ საქმეში, რომელიც ტელევიზიასთან, მასმედიასთან საუბრობს. იგი იძახის, რომ , ისეთი ვერსიები შესთავაზა საზოგადოებას, ყოველ შემთხვევაში მე ძალიან გაოგნებული ვარ და არ ველოდი ამ პიროვნებისგან , რომ თითქმის პირდაპირ გვდებს ბრალს აღნიშნულ საქმეში . რა თქმა უნდა უფრო ამწვავებს სიტუაციას და ჩვენ გვიჩენს ეჭვს , რომ შეგნებულად ხომ არ ხდება საზოგადოებაში ამ პიროვნების გამოყვანა , რომ შემდგომ დისკრედიტირება მოხდეს ბატონი გიორგის,“-განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

გენერალი ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა სამართალდამცავები რუსთავის მიმდებარედ, მტკვარზე ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით სამძებრო ღონისძიებებს აწარმოებენ. სავარაუდოდ , ისინი მდინარეში მკვლელობის იარაღს ეძებენ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

 

დღის ამბები