20 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ატენის ქუჩაზე 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი - კახა კალაძე

„ჩვენს მიერ ნებართვა, რომელიც იქნა გაცემული, ამას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური ხასიათი, რადგან გადაწყვეტილება ზემდგომი ორგანოების მიერ მიღებული იყო უკვე,“ - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ ატენის ქუჩის მცხოვრებლების საპასუხოდ გააკეთა.

ატენის ქუჩის მცხოვრებლები მერიას უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილების უგულვებელყოფაში ადანაშაულებენ და უწყებას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართავენ.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ნებართვა ზონალური საბჭოს და შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცა.

„სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ თავიდან ემსჯელა, რომ დაესაბუთებინა და მერიას და მერიის შესაბამის სამსახურებს, თუ რამდენად სწორად იყო ეს ყველაფერი გაცემული. აგვისტოში იმსჯელა შესაბამისმა სამსახურებმა და ზონალურმა საბჭომ, რომელიც დღეს გაუქმებულია ჩვენ მიერ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი ნორმაში იყო და ზონის ცვლილებაც არის, მგონი განხორციელებული,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი აღნიშნავს, რომ მერია ყველაფერზე იღებს პასუხისმგებლობას.

„ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ არცერთი პროექტი, რომელიც ჩვენს პირობებში გაიცემა, არ იქნება პრობლემატური ქალაქისთვის და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმისა, რომ იმ პროექტებზე, რომელიც უკვე გაცემულია, მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მოვიყვანოთ შესაბამისობაში, თუმცა, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ, სამართლებრივი ჩარჩოების გათვალისწინებით,“ - აცხადებს ილია ელოშვილია.

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის მიმართვის შემთხვევაში, ისინი მათ მოთხოვნებს გაეცნობიან.

არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის 15 იანვარს მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ატენის 19 ნომერში 27 სართულიანი კორპუსის მშენებლობას ეხება.

დღის ამბები