ქალაქ რუსთავთან, მდინარე მტკვრიდან რამდენიმე მეტრში ათობით ცხვრის ლეში იხრწნება. საზარელი სურათი „კურიერის“ კამერამ ცოტა ხნის წინ დააფიქსირა. მდინარის ახლოს თვითნებურად დაყრილი და უკვე გახრწნილი ლეშის სუნი ასობით მეტრზე იგრძნობა. დახოცილი ცხოველი ტერიტორიაზე იმ ფერმის თანამშრომლებმა დაყარეს, რომელიც აღნიშნული ტერიტორიიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს.
ფერმის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათ ცხოველის ლეში ფერმიდან მას შემდეგ გამოიტანეს, რაც მათი ხელმძღვანელისგან მიიღეს დავალება. გარდა ამისა, ისინი აცხადებენ, რომ ცხვრები ბოლო პერიოდში დაავადებით იხოცებიან.
„ცხვრების დახოცვა დაავადებამ გამოიწვია, ათობით ცხვარია დახოცილი. მე ვეტერინარი ვარ და ახლა გადარჩენილ ცხვრებს დაავადებაზე ვცრით. საშიში დაავადება არ არის და ადამიანისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს,“ - განაცხადა ვეტერინარმა რამიზ გოჯაევმა.
ადგილზე უკვე მუშაობენ, როგორც სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. მათ დარღვევების შესახებ, შესაბამისი აქტი უკვე შეადგინეს.
ფერმა, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა დანაგვიანება და ლეშის დაყრა, უცხოელ ბიზნესმენებს ეკუთვნით.