20 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ატენის ქუჩის მცხოვრებლები 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში აქციებს აანონსებენ

ატენის ქუჩის მცხოვრებლების პროტესტი გრძელდება. მათ დედაქალაქის მერიაში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანეს, რომლითაც 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

არქიტექტურის სამსახურმა 2018 წლის 15 იანვარს მშენებლობის ნებართვა გასცა, რომელიც ატენის 19 ნომერში 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ეხება. 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობა კი უზენაესმა სასამართლომ ჯერ კიდევ 2017 წლის 20 აპრილს უკანონოდ გამოაცხადა.

ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ სარჩელი რამდენიმე წუთის წინ შეიტანა მერიაში. გაბუნიამ აღნიშნა, რომ თუ კორპუსის მშენებლობა ხვალ არ შეჩერდება, უკვე ზეგიდან, ადგილობრივები აქციებს გამართავენ.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი გზასაც გადაკეტავენ.

ადვოკატის თქმით, ისინი ხვალ პროკურატურასაც მიმართავენ.

„შევიტანეთ ადმინისტრაციული საჩივარი, რითაც კიდევ ერთი შანსი მივეცით ქალაქის მერს, ბატონ კახა კალაძეს, რომ კანონის შესაბამისად მიიღოს კანონზომიერი გადაწყვეტილება, ანუ შეაჩეროს მშენებლობის ნებართვა. იქნება აქციები, იქნება გზის გადაკეტვა. ბუნებრივია, ეს არასანქცირებული შეიძლება იყოს, ამას შეიძლება მოყვეს კონკრეტული პირების დაკავება ადმინისტრაციული წესით, რაც ძალიან დაძაბავს სიტუაციას და ესკალაციის ახალ სფეროს გააჩენს,“ - განაცხადა ადვოკატმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები