აფეთქება მშენებარე სარკინიგზო გვირაბში - ტერიტორია დღეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმაც დაათვალიერეს, რომელთა ჩასვლას ადგილზე მანამდე მუშებიც მოითხოვდნენ და საპროტესტო აქციებს მართავდნენ.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. მოკვლევა ასევე დაწიყეს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის წარმომადგენლებმა, პროცესში ჩაერთვნენ პროფკავშირების წევრებიც.
შრომის ინსპექტორი, ვლადიმერ ბაღათურია აღნიშნავს, რომ შემოწმების შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის წარმომადგენელი, პაატა ნინუა კი აცხადებს, რომ მუშები არ იყვნენ გაფრთხილებულები, რომ ორჯერ უნდა აფეთქებულიყო კლდის გარკვეული მონაკვეთი.
„ინსპექტირება პირადად მე ორჯერ მაქვს ჩატარებული და რა თქმა უნდა, ვაფრთხილებდი კომპანიას შიგნით არსებული დარღვევების შესახებ. ასევე, სახელმწიფოს შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლებს აქვს ინსპექტირება ორჯერ ჩატარებული,“ - განაცხადა პაატა ნინუამ.
პაატა ნინუას თქმით, კომპანიაში შრომის, როგორც უსაფრთხოების მხრივ, ასევე, შრომითი უფლებების მხრივ იყო პრობლემები.
ხაშურის საავადმყოფოს დირექტორი, კახა ხელაძე აცხადებს, რომ დაშავებულთაგან ორი პაციენტის მდგომარეობა არ არის მძიმე და შესაძლოა, მათი სტაციონარში დატოვება საჭირო აღარ გახდეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დასავებულს, რომელსაც ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა და კიდურის მოტეხილობა აღენიშნება, ხელაძე აღნიშნავს, რომ ექიმები ქირურგიულ ჩარევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში მშენებარე სარკინიგზო გვირაბთან მომხდარი აფეთქების შედეგად 3 მუშა დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.