18 ნოემბერი 2024,   04:43
ვრცლად
არ აღმოჩნდა ამ ტყვიის ფრაგმენტზე, სისხლის კვალი - მარიამ კუბლაშვილს ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გადასცეს

სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ადვოკატი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მთავარ საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მას გამომძიებლებმა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გადასცეს. დასკვნაში ბევრ დეტალზეა საუბარი, თუმცა ადვოკატი ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.

როგორც მარიამ კუბლაშვილი ამბობს, დასკვნაში წერია, რომ ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, არ აღმოჩნდა მისი სისხლის კვალი. უფლებადამცველის თქმით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეცოპერაციის დროს, მხოლოდ ერთი ტყვია ისროლეს და სწორედ ამ ტყვიით გარდაიცვალა თემირლან მაჩალიკაშვილი, თუმცა საინტერესოა აღნიშნულ ტყვიაზე, რატომ არ აღმოჩნდა სისხლის კვალი. 

„ერთადერთი, რაც არ დადასტურდა, რაც ალბათ შემდგომი მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი, როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვია, რომელიც გავიდა ლოგინის თავში და შემდეგ გაჩერდა კედელში. არ აღმოჩნდა ამ ტყვიის ფრაგმენტზე, ამ ლითონის ფრაგმენტზე სისხლის კვალი. რა თქმა უნდა, უნდა ვკითხო ექსპერტს და შემდგომ გავაკეთოთ ჩვენი დასკვნა, თუ როგორ შეიძლება ტყვიამ, რომელმაც გაიარა შუბლი, გაიარა ფაქტობრივად მთლიანი სხეული, შემდეგ ლოგინი, ლოგინის თავი და კედელი, რატომ არ აღმოჩნდა, მასზე სისხლის კვალი," - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

გარდა ამისა, მარიამ კუბლაშვილი ითხოვს, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი.

"პროცესში ჩართული არ ვარ მხარედ, დაზარალებულის სტატუსიც კი არ გააჩნდა არც თემირლანს, არც მამას, რომელსაც ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ. მე ეს მიშლის ხელს, იმ კუთხით, რომ მე არ გამაჩნია საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვის არანაირი უფლება,“ - განაცხადა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

დღის ამბები