20 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
„მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ბიუროზე დარეგისტრირდა

„მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ბიუროზე დარეგისტრირდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში პრეზიდენტის ვეტოსთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობაა. „ქართული ოცნების“ წევრების ნაწილი არ ეთანხმება იმ ცვლილებებს, რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს.

შეეცდება თუ არა უმრავლესობა პრეზიდენტის რიგით მეთერთმეტე ვეტოს დაძლევას, ჯერ უცნობია. დეპუტატები ამბობენ, რომ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

"ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას თუ რას ნიშნავს ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური თანხის გამოყოფა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის და ის რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე ვალდებული ვართ სწორედ ჩვენი მიღებული გადაწყვეტილებებით. ამიტომ ამ ჭრილში გაიაზრებს ყველა ჩვენი კოლეგა თავის საბოლოო გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.

რაც შეეხება რომან კაკულიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს არ ეთანხმება, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს კანონი დამაზიანებელი იქნება შედარებით მცირე ტელევიზიებისთვის.

„ჩემთვის პრინციპია უფრო მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ კონკურენტული გარემო იყოს ყველა სფეროში ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაადგეს,“-განაცხადა რომან კაკულიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის და ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც გუნდის წევრები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვეტოს დაძლევა. კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე დეტალურად. თავის დროზე გადაწყვეტილება დაეფუძნა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. დღეს უკვე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეხვდება მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ორივე მხარეს არის საკმაოდ მყარი არგუმენტები. მოვისმენთ კიდევ ერთხელ განსხვავებულ მოსაზრებებს. მათ შორის ჩვენი გუნდის წევრებისას და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება გუნდური,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება ეძლევა. 

დღის ამბები