საპარლამენტო ოპოზიცია „მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარს უჭერს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ამბობს, რომ ეს კანონი დაიწუნა ყველამ, როგორც ოპოზიციამ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ერთმა ნაწილმაც.
„რატომ ხდება რომ ჯიუტად, დეპუტატების ერთი ჯგუფი ცდილობს მის გათრევას. ეს არის ძალიან უცნაური. ამ წუთას ეს ხდება ჯინაზე, კვლავ რომ ასიამოვნონ ვიღაცას და კიდევ ერთხელ შეარცხვინონ პრეზიდენტი მარგველაშვილი და გამოიყვანონ საზოგადოების თვალში უსუსურად,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ კორუფცია და თავისუფალი მედიის შეზღუდვა დღევანდელი ხელისუფლების სავიზიტო ბარათია და სწორედ ამას უკავშირდება ეს კანონიც.
„ამ კანონით საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას მიეცემა დამატებითი ბერკეტი იმისთვის, რომ შეზღუდოს თავისუფალი მედიის სარეკლამო ბაზარი და ასევე იქმნება საფრთხეები პროტექციონიზმისათვის და კორუფციისთვის,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ეს კანონო შეიცავს სერიოზულ რისკებს როგორც მედია მრავალფეროვნებისთვის, ასევე საფრთხის შემცველია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, რომ ის დარჩეს ფინანსურად, პოლიტიკურად ნეიტრალურ, დამოუკიდებელ ორგანიზაციად.
„მაუწყებლის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ბიუროზე დღეს დარეგისტრირდა. „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესული ცვლილების მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამის განთავსების უფლება ეძლევა.