მთავარი პროკურატურა ციანიდის სკანდალურ საქმეზე დაკავებების ახალ სერიას აანონსებს. პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის თანამზრახველზე ალაპარაკდა.
გამოძიების მტკიცებით, ციანიდის საქმეში ახალი პირი გამოიკვეთა, ვინც მღვდელთან გერმანიაში გამგზავრებამდე გარკვეული ნივთის შეძენაზე აქტიურ მოლაპარაკებებს მართავდა. იყო თუ არა ეს ნივთი ციანიდი, პროკურატურა ამ კითხვას არ პასუხობს.
პროკურორი ჯარჯი წიკლაური არ აკონკრეტებს იმ პიროვნების ვინაობას, რომელიც გიორგი მამალაძესთან კონკრეტული ნივთის შეძენაზე მოლაპარაკებებს მართავდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ის პატიმარი მღვდლის ცოლის ნათესავი, ლაშა დვალიშვილია. თავად დვალიშვილი დეკანოზთან კავშირს ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ მას თანხა ციანიდის საყიდლად მისცა. ფული, რომელიც მამალაძემ დვალიშვილს ასესხა პირადი მოხმარებისთვის იყო. მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კი ცილისწამება უწოდა.
დვალიშვილის ეს განცხადება "კურიერმა" დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებთან გადაამოწმა. პატიმარი სასულიერო პირის ძმა ადასტურებს, რომ მამალაძემ ნამდვილად მისცა ფული, თუმცა არა 2500 დოლარი, არამედ 1000 დოლარი, რომლის დაბრუნებასაც დვალიშვილისგან ახლა ელოდება. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებას კი მან ცილისწამება უწოდა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყება მოწმეებზე ზეწოლას და მათ დაშინებას ცდილობს.