გიორგი გახარია პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების გადამეტების ფაქტებს გამოეხმაურა. შს მინისტრმა კომენტარი გააკეთა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვაში ბრალდებული მსახიობის საქმის თაობაზე პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
გახარიას თქმით, თუ გამოვლინდება პოლიციელების ბრალეულობა, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
„ყველგან, სადაც პოლიციელის ღირსება ან მისი ფიზიკური უსაფრთხოება იქნება შელახული, ჩვენ ვიქნებით პრინციპულნი. ასევე ზუსტად, როდესაც პოლიციელის მხრიდან ექნება მის უფლებამოსილებას გადამეტებას ადგილი, ვიქნებით ორჯერ უფრო მომთხოვნი. ჩვენ დაველოდებით პროკურატურის შედეგებს და იქ თუ ჩვენმა თანამშრომლებმა ჩაიდინეს დანაშაული ან გადაამეტეს უფლებამოსილებას, ჩვენ მოვიქცევით შესაბამისად,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.