18 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
152-ე ბაგა-ბაღის პედაგოგს ტუბერკულოზი დაუდგინდა - სასწავლო დაწესებულებაში სპეციალური ღონისძიებები ტარდება 

თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის ერთ-ერთ პედაგოგს ტუბერკულოზი დაუდგინდა. სასწავლო დაწესებულებაში პრევენციული პროცედურები ჩატარდა. სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება ბაღის 28 აღსაზრდელს.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, აღსაზრდელები, რომელთაც პედაგოგთან შეხება ჰქონდათ, სპეციალურ შემოწმებას გაივლიან.

„ჩართულია პროცესში ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულიოზის ეროვნული ცენტრი, რომელიც ატარებს შესაბამის ღონისძიებებს. უშუალოდ იმ ჯგუფში, სადაც პედაგოგს ჰქონდა შეხება, კვლევები ჩაუტარდებათ ბავშვებს. ასევე, ბაღის თითოეული თანამშრომელი გაივლის გამოკვლევას და აქედან გამომდინარე დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები,“ - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა კახა გვანცელაძემ.

თბილისის 152-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრში გამოიკვლევენ. ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი ამბობს, რომ ვითარება ნორმალურია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

რაც შეეხება პედაგოგს, რომელსაც ტუბერკულიოზი დაუდგინდა, ის ავალიანის განცხადებით, მკურნალობას ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ცენტრში გააგრძელებს.

„28 აღსაზრდელი, რომელიც ჰყავს ამ კონკრეტულ პედაგოგს, ველოდებით და გამოვიკვლევთ სრულად. გამოკვლეული იქნება ყველა პედაგოგი, შესწავლილი იქნება სიტუაცია, დადგინდება კვლევებში ასევე სტატუსი თვითონ კონკრეტული პაციენტის მდგომარეობისას, რომელიც გააგრძელებს მკურნალობას ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში. რაც შეეხება ზომებს, აქ პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს,“ - აცხადებს ზაზა ავალიანი.

ამ დროისთვის, თბილისის 152-ე ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი უკვე განახლდა. 

დღის ამბები