20 ნოემბერი 2024,   15:38
ვრცლად
ოპოზიციის აზრით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა, ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე მიანიშნებს

ოპოზიციაში არ აქვთ მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმი უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, როდესაც თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი იზრდება, ეს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე მიანიშნებს. 

„შეჩერების მექანიზმი მგონია, რომ დღესაც არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ თუ დადგება საქართველოსთან მიმართებით, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და სოციალური ვითარება არის გაუარესებული. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნიდან მიგრანტთა რაოდენობა იზრდება. ხელისუფლებას თუ უნდა, რომ საქართველოს მოსახლეობა შეინარჩუნოს საქართველოში, მაშინ მას შესაბამისი სოციალური და ეკონომიკური პირობები უნდა შეუქმნას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნინო კალანდაძემ.

ოპოზიციის წევრების თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავისი ქვეყანა არ დატოვონ, ხელისუფლებამ ეკონომიკა უნდა გააძლიეროს და სამუშაო ადგილები შექმნას.

„არცერთ ჩვენს მოქალაქეს არ სიამოვნებს აიბარგოს თავისი ქვეყნიდან და თავშესაფარი ან სამუშაო ადგილი ეძებოს სადმე სხვაგან, მათ შორის ევროპაში. ამას ჩვენს მოქალაქეებს აიძულებს ის საყოველთაო გაჭირვება და სიღარიბე, რომელიც ქვეყანაშია და თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ ეს ნაკადი შეაკავოს და ჩვენი მოქალაქეები ქვეყანაში ბრუნდებოდნენ, მაშინ ამ ქვეყანაში ეკონომიკა უნდა იზრდებოდეს, სამუშაო ადგილები უნდა იქმნებოდეს, ლარი მყარი უნდა იყოს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ევროკომისიის ექსპერტთა ჯგუფი ევროპულ საბჭოს შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით მოხსენებას წარუდგენს. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამ მოხსენებაში გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მომთხოვნთა რიცხვი გაიზარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები