გიორგი ჭანტურიას მამამ რუსთავის პოლიციის სამმართველოს შენობა უკვე დატოვა. ის სამი საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. ზურაბ ჭანტურია დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს და პოლიციაში ადვოკატის გარეშე მივიდა.
ზურაბ ჭანტურიას თქმით, დღევანდელ დაკითხვაზე სამართალდამცავებს ძველი ბაზრის თაობაზე ისაუბრეს.
„რამდენი მქონდა წილი, როდის გადავაფორმეთ და როდის წაიღეს. 2010 წელს გადავაფორმეთ სახელმწიფოს საკუთრებაში,“ - განაცხადა ჭანტურიამ.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ოჯახის ვარაუდი, თვალთვალთან დაკავშირებით სიმართლეა. ზურაბ ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძეს და მის შვილს შორის დაძაბულობას გამორიცხავს.
უკვე მეოთხე დღეა, მდინარე მტკვარში სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღს და ტანსაცმელს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ, მკვლელს გენერლის მკვლელობის დღეს ეცვა და გავრცელებული ინფორმაციით, მან მტკვარში გადაყარა ტანსაცმელი იარაღთან ერთად.
გენერალი სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს. სამართალდამცავებმა ამ საქმის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია დააკავეს, თუმცა, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.