ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების დახმარებისთვის დაკავებულის ანატოლი ბერძენიშვილის ოჯახის წევრები და მეზობლები, მის ტერორიზმთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ. ოჯახი მედიასთან დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ კითხვებზე პასუხს მედიას და საზოგადოებას ბერძენიშვილის უფლებადამცველები გასცემენ.
„კურიერი“ დაკავებული ბერძენიშვილის სიდედრს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მისი თქმით, მისთვის უცნობია თუ რას ედავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერძენიშვილს.
ანატოლი ბერძენიშვილის მეზობლები კი ჰყვებიან, რომ ბერძენიშვილი წლების განმავლობაში ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა და ასევე იყო დაკავებული ტაძრების მშენებლობით.
„ტაძრებს აშენებს როგორც ვიცი, მორწმუნე ადამიანია და აშენებს. ვიცნობდი როგორც მეზობელი,“ - განაცხადა ბერძენიშვილის მეზობელმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ანატოლი ბერძენიშვილი გუშინ სამგორში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავა.