„ჯაველინების“ სისტემა უკვე საქართველოშია. სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული. თავდაცვის მინისტრის თქმით, “მალე დაიწყება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შესაბამისი მომზადებაც. ლევან იზორიამ შეერთებული შტატების ელჩს იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებს.
„პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში ჯაველინების სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული და ჩვენ ახლო მომავალში დავიწყებთ მომზადებას იმისთვის, რომ ჩვენმა სამხედროებმა შეძლონ იმ უნარების დაუფლება, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
„ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპი არის ის, რომ გვსურს საქართველო იყოს წარმატებული. უნდა გააჩნდეს ძალიან ძლიერი თავდაცვითი შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს შეაკავოს აგრესია და ის გარე ძალები, რომელიც ქვეყანას ზიანს აყენებს,“ - აღნიშნა იან კელიმ.