„ჩვენ მისი ჩამოსვლით, ფაქტობრივად, მივიღეთ ადამიანი, რომელმაც გორზე, ცხინვალზე შეტევის ფინანსური უზრუნველყოფა განახორციელა,“ - ეს განცხადება აგვისტოს ომის მიზეზების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ გროზნოს მერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გააკეთა.
„საქართველოს ევროპული დემოკრატების“ თავმჯდომარემ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მუსლიმ ხუჩიევის სამხედრო დანიშნულებაზე ისაუბრა. პაატა დავითაია ქართული სპეცსამსახურების მუშაობით გაკვირვებულია.
„ძალიან გაკვირვებული ვარ, როგორ მუშაობენ ქართული სპეცსამსახურები და როგორ მუშაობს ქართული სამართალდამცავი სტრუქტურა. მტერს, ხუჩიევს საქართველოს ტერიტორიაზე უშვებს. მინდა გავიხსენო ის მოვლენები, რაც 2008 წელს იყო, როდესაც დროებით საპარლამენტო კომისიაზე ხდებოდა გარკვეული ქმედებების მოსმენა. მე, როგორც კომისიის თავმჯდომარეს, მქონდა ოპერატიული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოებიდან და სპეცსამსახურებიდან. ერთ-ერთი ინფორმაციის საფუძველზე ჩემთვის ცნობილი იყო, როდესაც მოხდა ხრულოვის დაჭრა, პუტინი ჩავიდა ჩრდილოეთ ოსეთში, მოიწვია თათბირი და გადაწყვეტილება მიღებული იყო, რომ შემოსულიყო ჩეჩენთა რაზმი, რომელიც პირადად ემორჩილებოდა კადიროვს. ხუჩიევი უზრუნველყოფდა მის ე.წ. ლოჯისტიკას,“ - განაცადა პაატა დავითაიამ.