ოპოზიცია მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისთვის 8 წლიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას უსამართლობას უწოდებს. მმართველი გუნდის ოპონენტები არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნარკოპოლიტიკის გადახედვასა და მის დროულ ლიბერალიზაციაზე საუბრობენ.
„არ შეიძლება თუნდაც ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში მიდიოდეს და განსაკუთრებით ასეთი სასჯელი გამოუტანო მას, 8 წლით დაკავება. ხელისუფლების წარმომადგენლები, უმრავლესობის წარმომადგენლები გვევლინებიან ექსპერტებივით და წლებია უკვე მსჯელობენ ამ ნარკოპოლიტიკაზე ექსპერტებივით. ექსპერტული მსჯელობა კი არ სჭირდება, ამას სჭირდება ძალიან ხისტი პოლიტიკური გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.
მმართველ გუნდს წლების განმავლობაში უმოქმედობაში სდებს ბრალს „ევროპული საქართველო“.
„დიდი ხანია საჭიროა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია, თუმცა "ქართული ოცნებისგან" ჩვენ მხოლოდ გვესმის ფუჭი საუბრები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის გარეშე,“ - ამბობს ოთარ კახიძე.
კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებს აღიარებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც. აკაკი ზოიძის განმარტებით, კანონმდებლობაში თავდაპირველად ნარკოტიკების მოხმარების ზღვარი უნდა დადგინდეს.
„დღეს ზღვარი, როდესაც არსებობს გამსაღებელს და მომხმარებელს შორის, ეს ზღვარი უმეტესი ნარკოტიკული ნივთიერების შემთხვევაში, ერთხელ და სამუდამოდ დაწესდეს და ამ ზღვარის დაწესების შემდეგ შევინარჩუნოთ ის პრინციპი, რომ ვებრძოლოთ გამსაღებელს დაუნდობლად,“ - აცხადებს აკაკი ზოიძე.