„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თბილისის მთავრობის სხდომაზე, კონკრეტული შეკითხვებით მივიდნენ. საკრებულოს დეპუტატებს იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც ესტაკადას უნდა გაევლო, ტენდერის გამოცხადების საკითხი აინტერესებდათ.
კერძოდ, ოპოზიციის წევრები ითხოვენ პასუხს, წინა ტენდერისგან განსხვავებით, რატომ შეიცვალა იპოდრომის ტერიტორიაზე ესტაკადის გავლასთან დაკავშირებით ივანიშვილმა პოზიცია და რატომ არის ის დღეს თანახმა.
"ცინცაძე კარტოზიას ესტაკადა, რომელიც იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გავიდეს, რომელშიც თბილისის მერიამ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანია „ზიმოს“ 2 წლის წინ მილიონ 200 ათასი ლარი გადაუხადა და ეს თანხა დღემდე არ არის მერიაში დაბრუნებული, ხელახლა გამოცხადდა ამ ესტაკადაზე ტენდერი და ჩვენ გვაინტერესებდა, რომ თუკი მაშინ ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგი იყო, რომ მის კერძო ტერიტორიაზე, იპოდრომზე გაევლო ესტაკადას, დღეს რა მოხდა და რა შეიცვალა,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თბილისის მერის მოადგილემ უპასუხა. მაია ბითაძე ამბობს, რომ იპოდრომის მონაკვეთს, სადაც გზა უკვე გადის, კერძო მესაკუთრე მუნიციპალიტეტს გადასცემს. ბითაძის თქმით, განიხილება ადგილმონაცვლეობის საკითხი.
„ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც კერძო საკუთრებაზე გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ადგილმონაცვლეობა განიხილება. თუმცა, წინასწარ უკვე შეთანხმება გვაქვს. იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც უკვე გზა არსებობს, მუნიციპალიტეტს გადმოეცემა კერძო მესაკუთრის მხრიდან, რადგან ეს არის თავისი შინაარსით საჯარო ტერიტორია,“ - განმარტა მაია ბითაძემ.
თბილისში, ძველ იპოდრომთან ესტაკადის მოწყობაზე ტენდერი რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა.