18 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
მეტროს რეაბილიტაცია და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები - კახა კალაძე გეგმებზე საუბრობს 

გადაადგილების დროის შემცირებისა და მგზავრთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, მეტროს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დაგეგმილია ავტობუსების პარკის ჩანაცვლება და ე.წ. ბასლაინების მოწყობა.

თბილისის მერი ამბობს, რომ ახალი ავტოპარკი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით განახლდება.

„ჩვენ ვგეგმავთ მეტროს რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას იმისთვის, რომ გადაადგილების დრო შევამციროთ მეტროში, ასევე გავზარდოთ მგზავრთა რაოდენობა. ავტობუსების პარკის განახლებას ვაპირებთ. გვინდა, რომ არსებული ყვითელი ავტობუსები ჩავანაცვლოთ ახალი, ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით და ვაპირებთ ავტობუსების სპეციალური ზოლების მოწყობას, ე.წ. ბასლაინებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა კიდევ რამდენიმე ინიციატივა დაანონსა. მათ შორის ერთ-ერთი თბილისში ტრანზიტული მოძრაობისთვის ჯარიმის 20 ლარიდან 500 ლარამდე გაზრდას უკავშირდება.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია ტაქსების რეგისტრაციას დაიწყებს. ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება თბილისის მერიას მიმართოს. მათ მუნიციპალიტეტში მხოლოდ პირადობის და მართვის მოწმობების წარდგენა მოუწევთ.

დღის ამბები