მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის მეგობრები მსახიობისთვის გამოტანილ განაჩენს უსამართლოს უწოდებენ და საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ. "ბახალას" მხარდამჭერები, მისთვის გამოტანილ განაჩენს მასშტაბური აქციით გააპროტესტებენ. აქცია „თეთრი ხმაურის“ მოძრაობამ დაგეგმა.
მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას ხვალ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გააპროტესტებენ.
„არა მხოლოდ იმიტომ, რომ გიორგი გიორგანაშვილი არის ჩემი უახლოესი მეგობარი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტი ჩვენს ქვეყანაში, ვთვლი, რომ ის არის მსხვერპლი, როგორც შეიძლება იყოს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ხვალ, ზეგ, ან წარსულში, როგორც ვიცით წარსულში. შესაბამისად, მივდივარ აქციაზე,“ - განაცხადა ნენე კვინიკაძემ.
მწერალი პაატა შამუგია ამბობს, რომ მოსამართლე შორენა გუნცაძემ გუშინ სასამართლო სხდომაზე განაჩენი არა „ბახალას“, არამედ ქვეყნის ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს გამოუტანა.
„გუშინ მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა და 8 წელი მიუსაჯა საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს და ამ წამიდან, გუშინდელიდან უკვე, საქართველოს ყველა კანონმორჩილი და რვა წელ მისჯილი მოქალაქე ვალდებულია გამოვიდეს ქუჩაში და უროთი დაანგრიოს ეს მოძალადე, ცილისმწამებელი და ყოვლად რეგრესული სისტემა,“ - აცხადებს პაატა შამუგია.
ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე გიორგი გიროგანაშვილისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთაზე საუბრობს და მას უსამართლოს უწოდებს. მშვენიერაძე ამბობს, რომ სიცოცხლის მოსპობისთვის დაკავებული ადამიანები უფრო მსუბუქად ისჯებიან, ვიდრე ნარკოტიკის მოხმარებისთვის დაკავებული პირები.
„ეს არის რა თქმა უნდა, უსამართლო კანონი და სამართლიანი, დამოუკიდებელი მოსამართლეები, ასეთ შემთხვევაში მიდიან საკონსტიტუციო სასამართლოში და ითხოვენ სასჯელის პროპორციულობის შეფასებას, რაც გუშინ ვერ ვიხილეთ თბილისის საქალაქო სასამართლოში,“ - აცხადებს მშვენიერაძე.