18 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა - ბლუაშვილის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკითხული დავით ბლუაშვილის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს. უფლებადამცველი უარყოფს ჭანტურიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ბლუაშვილსა და ქუთათელაძეს შორის, ე.წ. სტამბოლის ბაზრის წილების გამო არსებულ დაპირისპირებაზე და აცხადებს, რომ გარდაცვლილი გენერალი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რამდენიმე წლის წინ წართმეული წილის დაბრუნებაში დახმარებას პირდებოდა.

დავით ბლუაშვილი ე.წ. სტამბოლის ბაზრის კიდევ ერთი ყოფილი მეწილის შვილია. ადვოკატი ბლუაშვილსა და ქუთათელაძის შორის რაიმე სახის დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს. უფლებადამცველის განცხადებით, ბლუაშვილი და ქუთათელაძე რამდენიმე თვის წინ შეთანხმდნენ, რომ ბლუაშვილებს ოჯახს სასამართლოდან გაეტანა სარჩელი. 

„ლიანა აბაიაძე, შპს „ერთობის“ ერთ-ერთი მოწილე, 2010 წლიდან 2012 წლამდე სანამ ქონება ჩამოერთმეოდა, დივიდენდის სახით ითხოვდა შპს „ერთობიდან“ თავის კუთვნილ თანხას. ამის გამო, ჩვენ შევხვდით მეორე მხარეს, ანუ შპს „ერთობას“, უპირველეს ყოვლისა ბატონ სოსოს და მოვრიგდით, 5 ათასი დოლარის ფარგლებში, რომელიც ამ საქმის ფარგლებში გადაეხადა დავით ბლუაშვილს. ბატონი სოსო, როგორც შპს „ერთობის“ ერთ-ერთი მოწილე თანხმა იყო, რომ დაგვხმარებოდა, ანუ ერთობლივად გვედავა იმ 15 % წილის ფარგლებში, რომელიც ქალბატონ ლიანა აბაიაძეს, ანუ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის, დავით ბლუაშვილის დედას ჩამოართვეს 2012 წელს. საკითხები შეეხებოდა ამას და შევთანხმდით იმაზე, რომ უკვე კონკრეტულად დეტალები, დაახლოებით შემდგომი ერთი თვის განმავლობაში შეგვედგინა პროექტი, როგორ მოვიქცეოდით,“ - განაცხადა დავით ბლუაშვილის ადვოკატმა ლაშა პარასტაშვილმა.

რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ლია მეტრეველმა დაადასტურა, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოში „შპს „ერთობას“ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე დავა მიმდინარეობს.

„შპს „ერთობას“ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე მიმდინარეობს დავა, სადაც მოსარჩელეა შპს „ერთობა“, მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. აქ დავის საგანს წარმოადგენს 2011 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა,“ - განაცხადა ლია მეტრეველმა.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიება გრძელდება.

 

 

დღის ამბები