ტაქსების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, თბილისის მერის ინიციატივას სპეციალისტების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ ახალი შეზღუდვები უმუშევრობის დონეს კიდევ უფრო გაზრდის, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო, ტაქსის მძღოლად თვითდასაქმების შესაძლებლობა.
„რისი მიღწევა გვსურს ლიცენზირების შემდეგ, ტექნიკურად გამართული ტაქსების? ტექნიკური ინსპექტირება ისედაც ყველამ უნდა გავიაროთ. ჯანმრთელი მძღოლი? ჯანმრთელობის ცნობა როგორც გაიცემა ქუჩაში შეგიძლიათ აიღოთ, ამით ეს პრობლემაც ვერ გვარდება. ამიტომ, მე მგონია, რომ ეს არის გარკვეულწილად წინა მოსამზადებელი სამუშაო იმისთვის, რომ შემდგომში დაწესდეს საგადასახადო რეგულაციები ამ საქმიანობაზე. ჩვენს რეალობაში ეს ნიშნავს მომსახურების გაძვირებას. მომსახურების გაძვირება კი ნიშნავს, რომ ტაქსის მძღოლი დაკარგავს კლიენტს,“ - განაცხადა საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ დავით მესხიშვილმა.