კომპანია ”სიტროენ ჯორჯიას” სარჩელი, კონკურენციის სააგენტომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესაბამისი უწყებები ყველა იმ კომპანიის საქმიანობას შეისწავლიან, ვისზეც გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანია ”სიტროენი”, უკანონო ტენდერების გამო, პრეტენზიას აცხადებდა და მათთვის პრივილეგიების მინიჭებაზე საუბრობდა.
სააგენტოს უნდა გამოეკვლია, იყო თუ არა კონკურენციის სააგენტოს შესახებ კანონის მეშვიდე მუხლი დარღვეული, რაც კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს გულისხმობს, ასევე კომპანიას კითხვები ჰქონდა მეათე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებითაც. კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტენდერების დროს კონკურენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი.
განმარტებები გააკეთა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ. ნოდარ ხადურის განცხადებით, მოკვლევა მხოლოდ მეშვიდე მუხლთან დაკავშირებით დაიწყება, რადგან სახელმწიფოს მხრიდან კანონის დარღვევის ფაქტი არ დადგინდა.
"არანაირი საფუძველი ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვაში დადანაშაულების არ არსებობდა და ამას ადასტურებს ყველა ტენდერი, რომელიც გაასაჩივრა სიტროენმა. მეშვიდე მუხლს რაც შეეხება, რატომ არის უპრეცედენტო არ ვიცი, აქ საუბარია ძალიან დიდ მასალაზე, თვითონ ამბობს კომპანია, რომ 128 ტენდერშია ასეთი რამ. ჩვენ დავთვალეთ - 118-ია მაგრამ დავუშვათ 128, ამ მასალებს შევისწავლით და ვნახავთ იყო თუ არა შეთანხმებული ქმედება. დღეისთვის ამ თვენახევრის განმავლობაში, რასაც ჩვენ ვსწავლობდით, ამის შესწავლის შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.