„ძალიან მკაცრად უნდა იქნას დღეს და ამ შეხვედრებისას დასმული ეს საკითხი,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის სერბეთში ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.
ანატოლი ბიბილოვი სერბეთში ვიზიტის განმავლობაში პატრიარქს შეხვდა.
ოპოზიციას სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარისგან აინტერესებთ რა სტატუსით იმყოფებოდა ბიბილოვი სერბეთში. ყველას აინტერესებს ბელგრადის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ გუშინ მოახდინა რატიფიცირება ცხინვალთან სამხედრო შეთანხმების და ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქართული ტერიტორიების ანექსიის.
რომან გოცირიძე საქართველოს მთავრობას ამ ვიზიტის შესახებ სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენელთან გარკვევისკენ მოუწოდებს.
რომან გოცირიძე საგანგაშოდ მიიჩნევს ფაქტს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეფაქტო მმართველები ევროპაში სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალურ პირებს ხვდებიან.
„სერბიაში იმყოფებოდა თავისუფლად, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირს შეხვდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სერბიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი ყოფნა გარკვეული ფორმით არ იყოს სერბიის ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არასათანადო მუშაობაზე მეტყველებს ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლების თუნდაც არაოფიციალური ვიზიტი.
„ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიის წარმომადგენლების, თუნდაც, არაოფიციალური ვიზიტები, ისეთ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, ერთმნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს ქართული დიპლომატიური წარმომადგენლების და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან ცუდი და სუსტი მუშაობის შედეგად,“ - აცხადებს აბესაძე.
სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარე თბილისშია და შეხვედრებს მართავს.