18 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რეალურად რა მოხდა - ირმა ჭკადუა გოგიტა დალაქიშვილის საქმეზე

„არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რეალურად რა მოხდა,“ - ეს განცხადება გოგიტა დალაქიშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ „კურიერთან“ გააკეთა. „ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი, გოგიტა დალაქიშვილი კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ირმა ჭკადუას თქმით, ამ ეტაპზე საქმის მასალებს სრულად არ იცნობს. ადვოკატის თქმით, პროკურატურას მისთვის საქმის მასალები არ გადაუცია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარდგენია.

„კურიერის“ ინფორმაციით, გოგიტა დალაქიშვილის სახლიდან ამოღებულ ჩანაწერებში, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლიდან არანაირი ჩანაწერი არ არის წაღებული.

„არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რეალურად რა მოხდა, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა, გოგიტა დალაქიშვილზე დაყრდნობით, რომელიც ამბობს, რომ გარკვეულ შეცდომასთან გვაქვს საქმე,“ - აცხადებს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ოპერატიული მასალაც გაავრცელა. გამოძიება ანგარებით კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენების და გავრცელების ფაქტზე მიმდინარეობს.

გოგიტა დალაქიშვილი წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ადვოკატის თქმით, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები