4 საათს გაგრძელდა პროკურატურაში თენგიზ გავაშელისა და მისი მეუღლის გამოკითხვა. საქმე ეხება წყნეთის ქუჩაზე, გავაშელსა და თბილისის პროკურორის მოადგილეს შორის მომხდარ ინციდენტს.
„ინფორმაცია მივაწოდე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოხდა. კითხვები ბევრი იყო, იმედია, რომ გამოძიება ყველაფერში გაერკვევა და ამ ფაქტს თავის სახელი დაერქმევა, გამოიძიებენ ყველაფერს,“ - განაცხადა თენგიზ გავაშელმა.
მომხდართან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ ფაქტს აპროტესტებს ადვოკატი და აცხადებს, რომ მომხდარი მხოლოდ ორ მძღოლს შორის მომხდარი ინციდენტია და ის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ უნდა იყოს.
„126-ე მუხლს, ძალადობას სჭირდება სერიოზული მტკიცება და ამ ორ მძღოლს შორის მომხდარი ინციდენტი რატომღაც სისხლის სამართლის კუთხით არ უნდა წასულიყო არცერთ შემთხვევაში. ეს არღვევს რეპუტაციას პროკურატურისა და თავისთავად თენგიზ გავაშელისთვის არ არის სასიამოვნო,“ - აცხადებს ადვოკატი თამარ აბესაძე.